ახალი ფიგურანტი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში - შაბათის ფორმულამ ახალი დეტალები გაარკვია.
ბაჩალიაშვილის დედა შაბათის ფორმულას იმ ფიგურანტის შესახებ უყვება, რომლის ჩვენებამაც, თეონა თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა, პროგრამისტის გარდაცვალებას ნათელი მოჰფინოს.
საქმე ახალგაზრდა ქალს ეხება, რომელთანაც ბაჩალიაშვილი მეგობრობდა. გამოძიებამ 30 წლამდე ქალის აღწერილობის შესახებ მეზობლების მონაყოლის მიხედვით სამი ფოტორობოტი შექმნა. სამივე მოწმე ექსპერტს ერთ ქალს აღუწერს - ვინმე ნინოს, რომელიც 23 წლის ბაჩალიაშვილის პანაშვიდზე, გვიან ღამით მივიდა, როდესაც იქ მხოლოდ ოჯახი და ახლობლები იმყოფებოდნენ.
ოჯახის თქმით, ის იმეორებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დაცვა ვერ შეძლო და ოჯახს ბოდიშს უხდიდა.
1-ელ აგვისტოს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც შაბათის ფორმულას საგამოძიებო უწყებასთან კავშირში მყოფმა ადამიანმა მოუყვა. საუბარი იყო იმ ვიდეო ფაილებზე, რომლებიც ახალგაზრდა პროგრამისტმა მოიპოვა. საქმე ეხებოდა მაღალჩინოსნების კომპრომატებს.